ხელისუფლების მიერ ჯაშუშობაზე გადაღებული სერიალების შემდეგ ფოტოგრაფების საქმეზე გრიფ "საიდუმლოს" მინიჭება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ამის შესახებ რეპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რეალურად რას უკავშირდება ფოტოგრაფების დაკავება და იმას, რასაც ხელისუფკლება ოფიციალურად აცხადებს, ქართველ ხალხს "ვერ მიჰყიდის".
"მას შემდეგ, რაც ჯაშუშებთან დაკავშირებით სერიალები გადაიღეს, ძნელია, ქართულ საზოგადოებას მიჰყიდო ფოტოგრაფების ჯაშუშობა, გრიფით "საიდუმლო", - განაცხადა ხიდაშელმა.
მან ხელისუფლებას მოუწოდა, საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილოს და ფოტოგრაფების საქმეს მოხსნას გრიფი "საიდუმლო".
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე დააკავა. გედენიძეს, ქურციკიძესა და აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი ათათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.