პრეზიდენტისთვის დიდი დარტყმა და ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო მისი პირადი ფოტოგრაფის დაკავება. ამის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"შემიძლია გითხრათ, რომ ეს დიდი დარტყმა და ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო პირადად პრეზიდენტისთვის, მაგრამ ახლა ეს არის უკვე კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმე და მიგვაჩნია რომ დამატებით კომენტარების გაკეთების საჭირობას აღარ წარმოადგენს" - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, მან დღეს პირველად მისცა საკუთარ თავს უფლება და გამოხატა აღნიშნულ საკითხზე თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ გედენიძის დაკავების თემა მისთვის საკმაოდ მძიმეა, რადგან ისინი წლების განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს.
"საკმაოდ მძიმეა ჩემთვის ამ თემაზე საუბარი. პირველად ვაძლევ თავს უფლებას ჩემი დამოკიდებულება განვაცხადო თქვენს წინაშე. მინდა ვთქვა რომ ეს ძალიან მტკივნეული და მძიმე თემაა ჩემთვის და შოკისმომგვრელი იყო თითოეული აქ მომუშავე ადამიანისთვის" - განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება მის მიერ წინა კვირას გაკეთებულ განცხადებას, პრეზიდენტის პრეს-სპიკერის თქმით, იგი ეფუძნებოდა შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.