საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, სომხური მხარე მზადაა ქართულ ეკლესიას სომხეთში იგივე სამართლებრივის სტატუსი მიანიჭოს, რაც სომხურ ეკლესიას საქართველოში აქვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა რელიგიური გაერთინებებისთვის სტატუსის მინიჭების შეფასებისას განაცხადა.
"სომხური ეკლესია ამბობდა, რომ საქართველოს ეკლესიასაც მიანიჭებდა ზუსტად იგივე სტატუსს, რა სტატუსიც ექნებოდა აქ სომხურ ეკლესიას", - აღნიშნავს დეპუტატი.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ მეორე სამშობლოში დაბრუნდა, მან თავისი ქვეყნის მთავრობასთან გადამოწმა აღნიშნული საკითხი და მათი მხრიდანაც მზადყოფნა გამოითქვა, რომ ქართულ სამოციქულო ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით ანალოგიური კანონპროექტი მომზადდეს.
"შესაბამისად ამის პრობლემა არ არის. საქართველოს ეკლესია სომხეთში შეიძლია დარეგისტრირდეს როგორც ეკლესია", - აცხადებს მაჭავარიანი და აქვე დასძენს, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატის ხელშეკრულებაში წერია, რომ ხელისუფლება დაეხმარება მართლმადიდებულ ეკლესიას სხვა სახელმწიფოებში სტატუსის მინიჭების საკითხებში.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს პარლამენტმა დაჩქარებული წესით "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულად დარეგისტრირების უფლება აქვთ. კანონს პრეზიდენტმა მიღებიდან ხელი რამდენიმე საათში მოაწერა, შესაბამისად ცვლილებები უკვე ძალაშია.