სიღნაღის ბიბლიოთეკის კუთვნილი 40 ათასამდე წიგნი სკოლის სარდაფში ლპება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრში განუცხადეს, ქალაქში ბიბლიოთეკის განსათავსებლად საჭირო ფართი არ არის.
ამავე ცენტრის ინფორმაციით, უსახსრობის გამო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერც წიგნების დასაბინავებლად საკმარისი თანხები გამოიყო.
სიღნაღში ბიბლიოთეკა 2007 წლის მარტიდან აღარ ფუნქციონირებს. ქალაქის რეაბილიტაციის დროს, ბიბლიოთეკის შენობა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კომპანია `კოკა - კოლა~-ზე გაასხვისა და იქ სასტუმრო განთავსდა. სიღნაღის რაიონის ცენტრალური ბიბლიოთეკის კუთვნილი 70-ათასამდე წიგნი 1200-მდე ტომარაში მოათავსეს და პირველი საჯარო სკოლის სარდაფში ჩაყარეს. 2009 წლის გაზაფხულზე, ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლების აქტიურობის შედეგად, გამგეობის წარმომადგენლებმა 30 ათასი წიგნი სარდაფიდან გაიტანეს, დანარჩენი 40 ათასი წიგნი კი ისევ ნესტიან სარდაფში ყრია და ლპება.
აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალური ბიუჯეტიდან, მთელი წლის ბიუჯეტის თითქმის მესამედი ადგილობრივი ხელისუფლების შენახვაზე იხარჯება.