ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითისა და ქართველი უფლებების დამცველების პაატა ზაქარეიშვილის, მანანა მებუკესა და ვახტანგ კომახიძის შეხვედრა დასრულდა. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ დღევამდელი შეხვედრა ოსური მხარის ინიციატივით ტარდება.
"ქართველი უფლებების დამცველების და საზოგადოების წარმომადგენლები იმიტომ დავპატიჟეთ, რომ ჩვენს ხალხებს შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტას შევუწყოთ ხელი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვერ გაგებას ვერ ვხედავთ და ვერც იმის სურვილს, რომ ისინი აღიარებული სახელმწიფო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაკავებული თავიანთი მოქალაქეების ბედ-იღბლით შეწუხებულინი არიან", _ განაცხადა კოკოითიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ შეუძლია ისარგებლოს თავისი კონსტიტუციური უფლებით და საქართველოს მოქალაქეების შეწყალების ბრძანებას ხელი მოაწეროს, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლების ზეწოლით ნამდვილად არ გააკეთებს.
"მათ კიდევ უფრო დაძაბეს სიტუაცია, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციებს შორის გარკვეული მოლაპარაკებები არსებობდა. მაგრამ იაკობაშვილისა და სააკაშვილის რეჟიმის სხვა წარმომადგენლების განცხადებების გამო, ჩემი კონსტიტუციური უფლების გამოყენებაზე უარს ვაცხადებ. ეს ადამიანები გასამართლებულები არიან, სააკაშვილმა და იაკობაშვილმა კი ისეთი პოზიცია დაიკავეს, რომ შუამავლებს დილოგის წარმოების საშუალება არ მისცეს", _ განაცხადა კოკოითიმ და ევროსაბჭოს ადამიანის უფოლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის მუშაობას, რომლის ძალისხმევითაც საქართველოში 200 ადამიანზე მეტია დაბრუნებული, დადებითი შეფასება მისცა.
"მალევე ომის შემდეგ, როდესაც დიალოგის მცირედი საშუალებაც კი გაჩნდა, შუამავლების მეშვეობით ჰამარბერგს 170 ადამიანი გადავეცით. ჩვენ არავითარი პირობა და დაგვიყენებია და არც ეს ადამიანები დაგვიპატიმრებია. ისინი უბრალოდ მათივე უსაფრთხოებისთვის დაცვის ქვეშ ავიყვანეთ. სწორედ მაშინ ჩვენი მრავალი მოქალაქე საქართველოს რეჟიმის მიერ იქნა დაპატიმრებული და მათ დღემდე არ გვაძლევენ. მოდით ვიყოთ უფრო ჰუმანურები და საკითხები ცივილიზებული გზით გადავწყვიტოთ", _ განაცხადა კოკოითიმ და დასძინა, რომ ოსურ მხარეს ხელთ აქვს ვიდეომასალა, რომელზედაც ასახულია, როგორ ეპყრობიან ე. წ. სამხრეთ ოსეთის დაკავებულ მოქალაქეებს ქარველი სამართალდამცავები.
"ჩვენ გვაქვს ვიდეომასალა იმის შესახებ, თუ როგორ სცემენ და ამცირებენ მათ. მიჭირს მათ მშობლებთან და ნათესავებთან საუბარი, რომლებიც ჩემთან ყოველდღე მოდიან", _ აცხადებს კოკოითი.
მისი თქმით, დღეს საქართველოდან ჩასული დელეგაცია პირველია, რომელმაც "მოიკრიბა სიმამაცე და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალში ჩავიდა".
"ვფიქრობ, ასეთი კონტაქტები პირველ ეტაპზე მაინც ჩვენს ხალხებს შორის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. დღეს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ თამაშებს. ისინი თავანთ რეიტინგზე მეტს ფიქრობენ, ვიდრე ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების აღდგენაზე. გთხოვთ, ყოველივე ეს ქართულ საზოგადოებამდე მიიტანოთ. მოდით დავიწყოთ იმ ხიდების ძიება, რომლებიც ნდობას მოგვიტანენ და რომლებიც ასე ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაანგრია სააკაშვილმა", _ განაცხადა კოკოითიმ და დასძინა, რომ ის, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთი დღეს ერთ დიდ სამშენებლო მოედნადაა ქცეული, საქართველოს პრეზიდენის ამაზრზენი ქმედების შედეგია.
"რა თქმა უნდა, საყვედურების გამოუთქმელობა ქართული საზოგადოების, ინტელიგენციისა და სამოქალაქო ინსტიტუტების მიმართ არ შეიძლება. ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ცხინვალის ინტენსიური დაცხრილვის შემდეგაც კი მე, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანებას 40 წუთის განმავლობაში ვიძლეოდი. მაქსიმალურად ვეცადეთ, ომი აგვეცილებინა. სეროიზულ დათმობებზე წავედით, რომ დიალოგი დაგვეწყო", _ განაცხადა კოკოითიმ და მზადყოფნა გამოთქვა, ე. წ. სამხრეთ ოსეთის კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად ე. წ. სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქის საკითხი განიხილოს.
"ამავე თხოვნით მივმართავთ საქართველოს საზოგადოებასაც. გთხოვთ, ასევე დაკავდეთ პრობლემების გადაწყვეტისა და სამხრეთ ოსეთის იმ ადამიანების ბედ-იღბლის საკითხებით, რომლებიც საქართველოს ციხეებში იმყოფებიან", _ განაცხადა კოკოითიმ.
როგორც ოსური მხარე იტყობინება, პაატა ზაქარეიშვილმა თავის მხრივ განაცადა, რომ იგი სავსებით ეთანხმება "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ყველა გამონათქვამს აგვისტოს ომის შეფასების საკითხში".
"ზუსტად ვიცი, რა მოხდა: მოხდა საშინელება. ვერ ვიტყვი, რომ ყველას ისეთი აზრი აქვს, როგორც სააკაშვილსა და იაკობაშვილს. მე კატეგორიულად წინააღდეგი ვარ მათი განცხადებებისა. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ მოგვეცით შესაძლებლობა ჩვენს მოქალაქეებს შევხვდეთ, ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა გთხოვოთ თქვენ, შეიწყალოთ ისინი, იმიტომ, რომ ვიღაცამ მაინც უნდა გადადგას პირველი კეთილი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, მე უფრო ამაყი ვიქნებოდი ეს პირველი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებას რომ გადაედგა, მაგრამ მე მათი ოპონენტი ვარ და დღეს არ არის ის შემთხვევა, რომ მე აქ მათ ინტერესებს წარმოვადგენდე. თქვენს ხელთაა დღეს სერიოზული ნაბიჯის გადადგმა და ვფიქრობ, სააკაშვილისა და იაკობაშვილის სიტყვების გამო სხვა არ უნდა დაზარალდეს. ეს ბავშვები გაკიცხვის ღირსნი არიან, მაგრამ მათ ბოროტმოქმედებად მაინც ვერ მივიჩნევ. ჩვენ შორის ისეთი საშინელი რამეები მოხდა, რომ მათ ფონზე ბავშვების მოქმედება იმ მასშტაბის ნამდვილად არ არის. ხოლო თუკი კეთილ ნებას გამოიჩენთ და მათ შეიწყალებთ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს საზოგადოებრიობა ამას ჯეროვნად შეაფასებს და თქვენდამი დამოკიდებულებას შეიცვლის. ხოლო უფლებებისდამცავი ორგანიზაციები საქართველოს ციხეებში მყოფი თქვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებას უფრო აქტიურად მოითხოვენ", _ განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ასევე იუწყება, რომ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრა სწორედ ედუარდ კოკოითთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა.