ასოციაციის „სამართალი და თავისუფლება" ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით შექმნილმა სიტუაციამ შესაძლოა ქვეყანაში ნაციონალისტური განწყობები გაზარდოს
„ჩვენი ხელისუფლება და პარლამენტი კანონებს იღებს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინების გარეშე. უწმინდესმა მათ სთხოვა რომ საჯარო დისკუსია გამართულიყო ამ თემაზე, სრული ინგორირება მოხდა პარლამენტის მხრიდან. ამ ნაბიჯით ხელისუფლება დაუპირისპირდა ეკლესიას. მისი პოზიციის იგნორირება მოახდინა, რითაც შექმნა პრეცედენტი, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებას არ სცემს პატივს. ამ სიტუაციამ შესაძლოა ნაციონალური განწყობები გაზარდოს ქვეყანაში. ხელისუფლება ამ ნაციონალისტურ გამოხტომებს ხელს უწყობს, რადგან ცდილობს ერთგვარად ყურადღება გადატინილი იქნას ნაციონალიზმზე და ქსენოფობიაზე და ხელისუფლებამ თავი წარმოაჩინოს დემოკრატიულ და ლიბერალურ ძალად, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ნაციონალისტური სტერეოტიპების დანგრევას. ეს არის პროვოკაცია, რომელიც ხელისუფლების მიერ არის წაქეზებული. ხელისუფლება სხვადასხვა გზებით და საშუალებებით ცდილობს ეს თემა აქტუალური გახდეს. რათა შემდგომში ვითომდა ქსენოფიბიური და ნაციონალისტური დამოკიდებულებები გამოიყენოს ან საკუთარი ოპონენტების, ან საზოგადოების, ან ეკლესიის დისკრედიტაციისთვის", - განაცხადა სესიაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ამ შემთხევაში სომხური პოზიციების გაკრიტიკება ემყარება არა იმას, რომ სომხების პოლიტიკა საქართველოსთვის მიუღებელია, არამედ იმას, რომ საქართველო იცავს საკუთარ ინტერესებს.
„სომხური ეკლესია და ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ინტერესების მიხედვით. ამაში გასაკვირი არაფერია. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური. პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენი ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ჩვენი საზოგადოება უკმაყოფილოა ხელისუფლების არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით. ხელისუფლება არ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს. გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დისკუსიებისა და საზოგადოების ინტერესების იგნორირებით. ხელისუფლება მიდის პროვოკაციაზე, რომ შემდეგ თქვან, რომ ქვეყანაში არიან ისეთი ძალები, რომლებსაც აქვთ ნაციონალისტური და ქსენოფობიური მიდგომები", - განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს სრულიად გაუმჭვირვალედ, რაც გამოიხატება იმაში, რომ არაა ცნობილი რა შეთანხმებას მიაღწიეს ქართულმა და სომხურმა მხარებმა.
„ამ კანონის მიღება შეთანხმების პირველი ნაწილია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა იქნება მეორე, მესამე და ა.შ. რადგან ხელისუფლება არ ახმაურებს შეთანხმების დეტალებს", - დასძინა სესიაშვილმა.