ბიზნესომბუსდსმენი საზღვარზე მეწარმეების დღგ-სგან განთავისუფლებას ითხოვს. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორგი პერტაია აცხადებს, რომ უნდა დაიხვეწოს კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს საზღვარზე დღგ-ს თუ ვინ არ გადაიხდის.
მისივე თქმით, გადახდის კრიტერიუმი უნდა დაიხვეწოს და სამომავლოდ კი საზღვარზე დღგ-ს გადახდის საჭირო აღარ იყოს.
"ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ ამერიკის სავაჭრო პალატაში მუშაობისას, ვითხოვდით, რომ იმპორტიორებს საზღვარზე დღგ არ გადაეხადათ. მაშინ მთავრობის არგუმენტი იყო ის, რომ საზღვრის შიგნით მეწარმის კონტროლი ვერ ხდებოდა და, შესაბამისად, ხელისუფლებაც მეწარმეებს საზღვარზე დღგ-ს ახდევინებდა. ახალ საგადასახადო კოდექსზე მუშაობისას აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ დავაყენეთ. ფინანსთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით ადმინისტრირება უკვე მოწესრიგებულია და საზღვარზე დღგ-ს გარკვეულ კომპანიებს აღარ გადაახდევინებდა. კანონის მოქმედი რედაქციით, პირს, რომლის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს, უფლება აქვს, გადავიდეს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე. მიგვაჩნია, რომ იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესით სარგებლობისათვის საკმარისი უნდა იყოს წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული თანხების მოცულობა (200 000 ლარზე მეტი) და არ უნდა იყოს შეზღუდვა მეორე პირობით-გადახდის აუცილებლობთ", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორგი პერტაია.
ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტროში შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შემოსავლების სამსახურმა ავტომატურ რეჟიმში სმს შეტყობინება დაუგზავნა იმ კომპანიებს, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ, ანუ დეკლარირებულად დღგ-ს სახით 200 ათასი ლარი ქონდათ გადახდილი.
"თუმცა ამ დროს არიან სხვა კომპანიები, რომლებთაც 200 ათას ლარიანი დღგ კი არა, თანხა ზედმეტობაში უზით საგადასახადოსთან და ამ თანხიდან აწარმოებენ დღგ-ს ჩათვლას. 200 ათას ლარიანი ლიმიტი იმისთვის იყო განსაზღვრული, რომ დაბალ რისკიანი კომპანიებისთვის მიეცათ პრეფერენციული რეჟიმი. შესაბამისად ეს კომპანიებიც რომელთაც ზედმეტობაში უზით თანხები გაცილებით დაბალრისკიანები არიან ვიდრე ის კომპანიები, რომელიც ამ რეჟიმით დღეისათვის სარგებლობენ.
ჩვენი აზრით, საბაჟოზე დღგ-ს გადახდის კრიტერიუმია შესაცვლელი და საბოლოოდ უნდა წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ სამომავლოდ საზღვარზე დღგ-ს გადახდა საჭირო აღარ იყოს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორგი პერტაიამ.