საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ოპოზიცია რელიგიური თემით სპეკულაციას ეწევა. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე წიკლაურმა "სამოქალაქო კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით საქართველოში ათასობით ორგანიზაცია - საჯარო სკოლები და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები ფუნქციონირებს.
"არც ერთი ადამიანისგან ჯერ არ მსმენია, რომ მაგალითად #161 საჯარო სკოლა საკუთარი სტატუსით საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არის გათანაბრებული და ეს ერთი და იგივე მნიშვნელობის საკითხებია. მთავარია, როგორი სახელმწიფოს შექმნა გვსურს - გვინდა სახელმწიფო, სადაც სხვადასხვა რელიგიური გაერთიანება მოქმედებს და სადაც სახელმწიფო მათი რეგისტრაციის წესს უზრუნველყოფს, თუ გვინდა ქვეყანა, სადაც რელიგიური გაერთიანებების მოქმედება შეზღუდული უნდა იყოს?" - აცხადებს წიკლაური.
წიკლაურის შეფასებით, ქართული სახელმწიფო პირველ რიგში ქრისტიანულ მორალს უნდა ეფუძნებოდეს, რაც სხვების ნიველირებასა და ხელოვნურად შეზღუდვას არ გულისხმობს, რაც შეეხება ქართულ ეკლესიას, სახელმწიფო მართლმადიდებლურ ეკლესიას და მასთან დადებულ საკონსტიტუციო შეთანხმებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.