„ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, პარტიის ოფისზე თვალთვალი ამ წუთებშიც გრძელდება.
„სპეცსამსახურების არსენალში თვალთვალი ჩვეულებრივი მეთოდია. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა მხოლოდ თვალთვალთან, არამედ ზედამხედველობასთან. იგივე ადამაინები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში იდგნენ „ქართული პარტიის" ცენტრალურ ოფისთან, თავხედურად აგრძელებენ აქ დგომას და ფოტო და ვიდეო-გადაღებებს ახორციელებენ", - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.
იგი ამ ადამიანებს პარტიის ოფისში „ეპატიჟება".
„ისინი ერთხელ უკვე „სტუმრობდნენ" ჩვენთან და წარმოდგენა არა გვაქვს, რა „სიურპრიზები" დაგვიტოვეს. ეს ყველაფერი არის რეჟიმის აგონია და ისტერია. 1937 წელი სხვა არაფერი იყო. მას ჩვენ არ მოვსწრებივართ, მაგრამ ვიცით, რომ ტოტალიტარიზმის ყველაზე საზიზღარ გამოვლინებას წარმოადგენდა. იგივე ხდება სააკაშვილის რეჟიმის დროსაც", - აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა.