საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში რაც უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, მით უფრო უსაფრთხო იქნება ქვეყანა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ბათუმში ვარსკვლავების კონცერტების გამართვა ეკონომიკის განვითარებასა და სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
„რამდენიმე კონცერტი გაიმართა და ხალხი კითხულობს ხოლმე რატომ იხარჯება ფული ამ კონცერტებისთვის. ბათუმში გამართული ბოლო კონცერტის ფული უმეტესად დაბრუნდა უკან ქველმოქმედების სახით. მაგრამ, ის რომ ჩვენ ქვეყანა საერთოდ არ იყო რუკაზე და ახლა ყველაზე მაგარი ვარსკვლავები ჩამოდიან, ყველაზე საინტერესო დელეგაციები გვესტუმრებიან ხოლმე, ეს ყველაფერი ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება იმ რაოდენობის ტურისტი რომელსაც ჩვენ ვვარაუდობთ - ჯერ 5 მილიონი და რამდენიმე წელიწადში 10 მილიონი. ყველა ბინა გაქირავებულია, ყველა ოჯახს გაუჩნდა შემოსავლის წყარო. რეგიონის მაცხოვრბლებს შესაძლებლობა ექნებათ გაყიდონ სოფლის პროდუქტები. ეკონომიკა ამოძრავდება. რაც უფრო მეტი უცხოელი ჩამოვა საქართველოში, მით უფრო უსაფრთხო იქნება ქვეყანა, რადგან საქართველოს რუკიდან გაქრობის შემთხვევაში ძალიან ბევრ ადამიანს დაწყდება გული", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა შედარება გააკეთა ბათუმისა და ჩრდილოეთ კალიფორნიის. მისი თქმით, ბათუმის გარშემო ხედს და სოხუმის ჩრდილოეთ ხედს ძალიან გავს ჩრდილოეთ კალიფორნიას.
„მე ვუყურებდი კალიფორნიიდან ჩამოსულ ქალს. ბათუმი ძალიან გავს ჩრდილოეთ კალიფორნიას. ჩრდილოეთ კალიფორნიიდან ქალი იყო ჩამოსული, რომელმაც თქვა რომ ასეთი სილამაზე არსად უნახავს. ეს უნდა დავაფასოთ და უფრო მეტი გავაკეთოთ. ბათუმში ყველგან რაღაცა კეთდება. მართალია გზებია გადათხრილი, მაგრამ ეს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კეთდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.