"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, რუსეთი საქართველოს მიერ ჩრდილო კავკასიის მიმართულებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას მისი ტერიტორიების ხელყოფად აღიქვამს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, საქართველოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ლოგიკურია, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას დასავლელი მეგობრების რჩევა გაეთვალისწინებინა.
"დასავლელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქართულ და რუსულ მხარეებს შორის კონტაქტი შედგეს. ამიტომ კარგი იქნებოდა, მსგავსი გადაწყვეტილებებით დეოკუპაციის მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობისთვის საფრთხე არ შეგვექმნა", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, ამ კუთხით, დამაბრკოლებელი ფაქტროებია, ერთი მხრივ, "ჩვენი ხელისუფლის" განცხადებები და მეორე მხრივ, ჩრდილო კავკასიასთან უვიზო რეჟიმი, რომელსაც რუსეთი მტრულ გადაწყვეტილებად აღიქვამს და თავისი ტერიტორიების ხელყოფად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ დარიალის საბაჟო-გამშვები პუნქტით მოსარგებლე პირებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, საქართველოში შემოსასვლელი ვიზები უშუალოდ გამტარ პუნქტზე მიიღონ.
"აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს მიერ არჩეული სავიზო პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მიზანია, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ადამიანთა გადაადგილებას ტურისტული, ბიზნესის, სამედიცინო თუ სხვა ჰუმანიტარული მიზნებით და ეს განხორციელდეს ნაკლები დროისა და ფინანსური დანახარჯებით თითოეული მოქალაქისთვის", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.