რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებიდან ხაზგასმით ჩანს, რომ რუსეთი არ აპირებს მსოფლიოში დამკვიდრებული თამაშის წესებით თამაშს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
"ეს არის კიდევ ერთი მკაფიო ხაზგასმა იმის, რომ რუსეთი არ აპირებს ითამაშოს იმ თამაშის წესებით, რომელიც მსოფლიოშია დამკვიდრებული. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს დიალოგი შესთავაზა დეოკუპაციასა და დევნილების დაბრუნების საკითხებზე, რაზეც ჩვენ უარი მივიღეთ", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისივე თქმით, კრემლი ცდილობს საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს სწორედ მისთვის მისაღები, პრორუსული ძალა.
"რუსეთი არ ელაპარაკება საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და კარგად ჩანს მათი აგრესიული მიზნები, რომ სურთ ჩვენი ქვეყანა მთლიანად მათი მმართველობის სფეროში მოექცეს", - აცხადებს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განაცხადებით, მოსკოვი საქართველოსთან დიალოგზე უარს არ ამბობს, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას ისევ არ აპირებს.