აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამია 29 ივნისს გაეროს გენასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ გაეროს გენასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების საკითხებთან მიმართებაში.
"რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდა, ნათლად უჩვენებს რუსეთის არაადეკვატურ და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისთვის შეუთავსებელ პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - აცხადებს ბარამია და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რუსეთზე მზარდი პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, სავსებით შესაძლებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების სისტემის ახალი მექანიზმები, რაც რეგიონში სტაბილურობის მყარი გარანტი იქნება.
"ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით რეზოლუციის იმპლემენტაციის მთავარი ინსტრუმენტი იქნება", - დასძენს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.