სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის დირექტორ ალექსანდრე რონდელის აზრით, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობისას საქართველოს ინტერესების დაცვა გაძლიერდება, თუმცა მიიჩნევს, რომ თავად პოლონეთისთვის „საქართველოს საკითხების წინ წამოწევა და დახმარება ადვილი არ იქნება".
„ძნელი სათქმელია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის მიერ თავმჯდომარეობას. მართალია, პოლონეთი ჩვენთვის კარგი მოვლენაა, მაინც ვფიქრობ, არც ისე ადვილი იქნება მისთვის საქართველოს საკითხების წინ წამოწევა და დახმარება, რადგან მას შეხვდება წინააღმდეგობა მეზობლების მხრიდან. თუმცა, მაინც იმედი გვაქვს, რომ ცოტა წინ წავიწევით თავისუფალი ვაჭრობის და სავიზო რეჟიმის მიმართლებით. პოლონელებს ესმით ჩვენი პრობლემები, იციან რომ მათი უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენს უსაფრთხოებაზე, ამიტომ მაქსიმალურს გააკეთებენ საქართველოსთვის", - აცხადებს რონდელი რადიო „თავისუფლებასთან" საუბარში.
რაც შეეხება პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ დასახელებულ სამ პრიორიტეტს, რომელზეც ორგანიზაციის თავმჯდომარეობისას პოლონეთი ყურადღებას გაამახვილებს და რომელთა შორის ერთ-ერთი ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გააქტიურება, ალექსანდრე რონდელის თქმით, ევროპა „დღეს უფრო უკრაინისკენ არის შეტრიალებული, ვიდრე საქართველოსკენ".
„ევროპას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპზე წინა პლანზე არ გამოაქვს, მაგრამ აგრძელებს მის მორალურ, პოლიტიკურ, თუ სხვა სახის დახმარებას. ის დღეს უფრო უკრაინისკენ შეტრიალდა - უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მოლდოვა კი ევროპაა და ამიტომაც უნდა ამ ორი ქვეყნის მიმართ გააქტიურდეს. უკრაინის და მოლდოვას გამო, ჩვენ ოდნავ ჩრდილში აღმოვჩნდით, მაგრამ, ამ ეტაზე ჩვენ არც ვართ გაწევრიანების უშუალო კანდიდატები", - აღნიშნავს ექსპერტი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დასახელებულ მეორე პრიორიტეტულ საკითხთან მიმართებაში კი, რომელიც ევროკავშირ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის განტმიცებას შეეხება, ალექსანდრე რონდელი ფიქრობს, რომ მოსკოვთან ურთიერთობის წინ წამოწევით ევროპა მის მოთვინიერებას ცდილობს.
„ევროპას უნდა რუსეთი მოათვინიეროს და რამენაირად ცივილიზებულ მარწუხებში მოაქციოს. ბოლო დროს ეს ცოტათი გამოსდის კიდეც. ვფიქრობ, ევროპა მოსკოვთან ურთიერთობაზე აქცენს იმიტომ აკეთებს, რომ მისი „გამოსწორების" იმედი აქვს და მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის მიერ მეზობლებთან ცივილიზებულ ქცევას გამოიწვევს. ამ მხრივ, ჩვენ არაფერს წავაგებთ", - აღნიშნავს ალექსანდრე რონდელი.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს შემდეგი 6 თვის განმავლობაში.