პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე უარის თქმას, დათანხება სჯობს.
„მგონია, რომ უარის თქმას დათანხმება სჯობს, რადგან თუ უარს იტყვი, მაშინ ალტერნატიული პოლიტიკა უნდა აირჩიო - ქუჩა, მიტინგები, პროტესტი... თუ არც ერთს არ ირჩევ, მაშინ მიდიხარ სახლში", - განუცხადა საყვარელიძემ „ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე აზრით, ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით „რაღაც ნაბიჯები გადადგა", რაც ბრძოლის შემთხვევაში ქვეყანაში უკეთეს საარჩევნო კლიმატს შექმნის.
„ხელისუფლების მიერ გაჟღერებული წინადადებები კლიმატის გაუმჯობესების რაღაც შანსს ქმნის. არსებობს შესაძლებლობა, რომ ბრძოლის შემთხვევაში ქვეყანაში ოდნავ უკეთესი არჩევნები მივიღოთ, ვიდრე გვქონია", - განმარტა პოლიტოლოგმა.
რაც შეეხება „რვიანის" დაშლას, რომლის შესახებაც მასში შემავალმა პარტიებმა უკვე საჯაროდ განაცხადეს, საყვარელიძე აღნიშნულს ლოგიკურად მიიჩნევს და ამბობს, რომ „რვიანმა" მიზანს მიაღწია.
„რვიანი შეიქმნა იმ მიზნით, რომ საარჩევნო გარემოს კლიმატთან დაკავშირებით შედეგი მიღწეულიყო. ჩავთვალოთ, რომ ეს მისია ამოწურულია, ამოცანა ამოხსნილია. ასე რომ, ისეთი სუბიექტის არსებობა, როგორიც „რვიანია", საჭირო აღარაა", - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ახალმა მემარჯვენეებმა" და „ქრისტიან-დემოკრატებმა" ხელისუფლების მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებული წინადადებები მიიღეს და „რვიანი" დატოვეს. გაერთიანებაში შემავალი დანარჩენი ექვსეულის პოზიციაც დღეს გახდება ცნობილი.