საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ განცხადება გაავრცელა. სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონო ტყვეობაში ჯერ კიდევ იმყოფება საქართველოს 14 მოქალაქე.
"ეს ადამიანები დაკავებულ იქნენ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ძირითადად რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ და ამჟამად საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით იმყოფებიან ცხინვალში. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცდელობებისა, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ამ ადამიანების გათავისუფლება და ოჯახებში დაბრუნება", _ ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საგარეო სამინისტროს განახადებით, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია რუსი ოკუპანტების მიერ არასრულწლოვნების დაკავების ფაქტები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს არასრულწლოვნების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
"საერთაშორისო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა უნდა გაააქტიურონ ძალისხმევა, რათა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით დაკავებული სამივე არასრულწლოვანი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული", _ ნათქვამია განცხადებაში.
ქართული მხარე მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალებს, რომ მათ თავი შეიკავონ არამართლზომიერი და პროვოკაციული ქმედებებისგან და შეწყვიტონ ადგილობრივი მოსახლეობის დევნა და მძევლად აყვანა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს, მოუწოდოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ადგილობრივი მკვიდრები, თავი შეიკავონ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისგან და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება, მიიღოს ადეკვატური ზომები დამრღვევებთან მიმართებაში.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს კიდევ ერთხელ მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, გაააქტიუროს ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად", _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.