„აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მომხრე არ ვარ, მაგრამ ამ საკითხზე დისკუსიამ შესაძლოა კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და შემდგომი მოგვარებისთვის რიგი საინტერესო საკითხი გამოავლინოს", - ასე ეხმაურება "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი კოლეგის, მამუკა არეშიძის ინიციატივას.
აღნიშნულ კონტექსტში, სესიაშვილი არეშიძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას გამართლებას უძებნის და მიიჩნევს, რომ გარკვეული წინაპირობების სანაცვლოდ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე დისკუსიის დაწყება საინტერესო იდეაა.
"აფხაზები ამბობენ, რომ უნდათ დამოუკიდებლობა. ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ ეს რამდენიმე პირობის შესრულების შემთხვევაში, რომელთა შორის ერთ-ერთი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა უნდა იყოს (რითაც აფხაზები, რეალურად, თავს დაიხსნიან რუსული ზეგავლენისგან და შეეძლებათ ჩვენთან დამოუკიდებლად ურთიერთობა, მათ შორის პრობლემურ საკითხებზე ერთად მუშაობა). რასაკვირველია, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, აფხაზეთი ამ წინადადებაზე უნდა წამოვიდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უარს იტყვის და არა იმიტომ, რომ მისთვის ხელსაყრელი არ არის. რა თქმა უნდა, ხელსაყრელია, თან ძალიან, მაგრამ ამას რუსეთი არ დაუშვებს. მოსკოვისთვის მთავარია, ამ რეგიონზე ჰქონდეს ზეგავლენა და სულ არ აინტერესებს, აფხაზები დამოუკიდებლები იქნებიან თუ მონობის ქვეშ", - განაცხადა სესიაშვილმა.
ექსპერტის განმარტებით, აღნიშნულით საქართველო მოგებული დარჩება, რადგან, ერთი მხრივ,დასავლეთს დაანახებს, რომ მას კონფლიქტის მოგვარება სურს, ზრუნავს არა მარტო საკუთარ ინტერესზე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, არამედ აფხაზეთის მოქალაქეებზედაც და ამ საკითხს ცივილიზებულად და ლიბერალურად უდგება, მეორე მხრივ კი, ამსხვრევს მითს, რომელსაც "აფხაზეთის დამოუკიდებლობა" ჰქვია.
"დასავლეთი დაინახავს, რომ აფხაზეთს, სწორედ რუსეთის ოკუპაციის გამო, დამოუკიდებლობის მიღწევის უნარი რეალურად არ გააჩნია და მოხდება იმის დემონსტრირება, რომ არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაა ოკუპირებული, არამედ აფხაზეთის ტერიტორია თავად აფხაზებისთვისაც", - აღნიშნა ექსპერტმა.
რაც შეეხება იმას, რამდენადაა შესაძლებელი აფხაზეთის ტერიტორიაზე კვლავ დაბრუნდეს რუსული სამხედრო შენაერთები, თუკი აღიარების სანაცვლოდ ტერიტორიიდან მოსკოვი თავის ჯარს გაიყვანს, სესიაშვილი აღნიშნულს კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ ეს აღიარების შესახებ შეთანხმებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც ტერიტორიაზე მხარეების მიერ ნდობით აღჭურვილი სამშვიდობო ნაწილების განთავსების პირობაში უნდა გამოიხატებოდეს.
"შეთანხმება ასევე უნდა ითვალისწინებდეს დემილიტარიზაციას, ადამიანის უფლებების დაცვას, საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზეთში თავისუფალი მიმოსვლის უფლებას და დევნილების დაბრუნების პროცესის დაწყებასაც. არ ვამბობ, რომ ყველა დევნილი ხვალ უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ამის შედეგად მივიღებთ იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შევძლებთ აფხაზეთში უმრავლესობის მოპოვებას. ხოლო თუ დღევანდელ პოზიციებს შევინარჩუნებთ (მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რა თქმა უნდა, არანაირად არ მინდა აფხაზეთის დამოუკიდებლობა), მეტი რისკი და საფრთხე წარმოგვექმნება", - განმარტავს სესიაშვილი.
ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებების პროცესში "სხვა ვარიანტებიც" გამოჩნდეს, რისი ერთი კონკრეტული მაგალითიც თავადვე დაასახელა.
"მაგალითად, მე მხარს ვუჭერ ვარიანტს, რომ აფხაზეთის მმართველობა გადავიდეს გაეროს მანდატის ქვეშ, როგორც კოსოვოს შემთხვევაში იყო და მოხდეს მისი დემილიტარიზაცია, ეტაპობრივად დავიწყოთ თავისუფალი ზონების შექმნა. ეს მოგვცემს მშვიდობის გარანტიებს და ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობის საშუალებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კონფლიქტის მოგვარების საფუძველი გახდება. ერთი სიტყვით, მამუკა არეშიძის ინიციატივა, ბევრმა, მათ შორის ჟურნალისტმა, არასწორად გაიგო. მე კი მისი სახით ვხედავ საინტერესო, მაპროვოცირებელ შეთავაზებას აფხაზეთისთვის. ამით მოვსინჯავთ აფხაზების, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების, ჩვენი საზოგადოების, რუსეთისა და დასავლეთის რეაქციებს", - განუცხადა ექსპერტმა „ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, რითაც ამ ტერიტორიასთან მიმართებაში რუსეთს მორიგი მანევრის გაკეთების შანსს მოუსპობს, თავად აფხაზების ეთნოფონდს კი გადაშენებისგან იხსნის.