საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ევროპულ და ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძის განცხადებით, დროა დასავლეთმა აღიაროს, რომ ოკუპაციისთვის ოკუპაციის დარქმევაზე უარის ტაქტიკა მარცხით დასრულდა. Le Monde-სთან ინტერვიუში, ჟურბალისტ პეტრე სმოლიარის კითხვაზე „რა შეგიძლიათ თქვათ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის სიტუაციაზე რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი წლის შემდეგ, რასაც ამ ორი სეპარატისტული რეგიონის მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა?", ბარამიძემ უპასუხა, რომ ეს მარიონეტული რეჟიმებია და მათ ლიდერებს იმაზე ნაკლები ძალაუფლება აქვთ, ვიდრე რუსეთში ზოგიერთ რეგიონალურ ხელმძღვანელს.
„ეს მარიონეტული რეჟიმებია. მათ ლიდერებს იმაზე ნაკლები ძალაუფლება აქვთ, ვიდრე რუსეთში ზოგიერთ რეგიონალურ ხელმძღვანელს. ეს პოლიტიკური თეატრია. სამი წლის შემდეგ დროა დასავლეთმა აღიაროს, რომ ოკუპაციისთვის ოკუპაციის დარქმევაზე უარის ტაქტიკა მარცხით დასრულდა. რუსეთი არა მხოლოდ არ აპირებს ამ ტერიტორიიდან წასვლას და იქ ევროპელ დამკვირვებლებსაც კი არ ამუშავებს, არამედ სამხრეთ-ოსეთში „ტოჩკა უ"-ს ტიპის და აფხაზეთში „სმერჩის" ტიპის სარაკეტო კომპლექსები განათავსა. რუსები ამას არ მალავენ და ცინიკურად იქცევიან. ისინი სულ უფრო დასცინიან 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ შეთანხმებას", - განაცხადა ბარამიძემ Le Monde-სთან საუბრისას, რომლის ქართულ ვარიანტს „ფორეინპრესი" აქვეყნებს.
ბარამიძე მიიჩნევს, რომ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების დროა, თუნდაც დასავლური ქვეყნები მასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებისკენ მიისწრაფვოდნენ.
„ჩვენ არავის მოვუწოდებთ კონფრონტაციისკენ, არამედ მხოლოდ ფაქტების - ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის - აღიარებას ვითხოვთ. ეს ოკუპაცია აწყობთ მათ, რადგან საქართველოს მთლიანად ხელში ჩაგდება სურთ „გაზპრომის" და პუტინის ინტერესებისთვის, პუტინის რომელსაც არ უნდა, რომ მისი მეზობელი რეფორმების წყალობით კიდევ უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს. დასავლეთისადმი რუსეთის გზავნილი ძალიან მარტივია: ჩვენ თქვენსას არ ვეხებით, თქვენ - ჩვენსას. ნატო-ს და ევროკავშირის ქვეყნები მოსკოვის დაფარვის ზონაში არ იმყოფება, მაგრამ ამავდროულად რუსეთის სხვა ყველა მეზობელი მისი განუყოფელი გავლენის სფეროს ნაწილად განიხილება. ამ თვალსაზრისით, საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ ვცდილობთ ადიდებული მდინარის გადალახვას, მაგრამ ჯერ კიდევ შუაში ვდგავართ და არა მეორე ნაპირზე. ისინი გრძნობენ ჩვენს მოწყვლადობას და არ იშურებენ ძალისხმევას. ნატო-ში გაწევრიანება ყველაფერს შეცვლის. რუსები შესაძლოა ცუდები, მაგრამ გიჟები ნამდვილად არ არიან", - აღნიშნა ბარამიძემ.