კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის განცხადებით, მამუკა არეშიძის პოზიცია არ არის საუკეთესო გზა პერსპექტივის მისაღებად. როგორც ხუციშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ყველა ექსპერტს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ არ უნდა იყოს კონკრეტული შეთავაზება დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.
"შეიძლება იყოს ლაპარაკი გახსნილობაზე მოლაპარაკებების გასააქტიურებლად. არ დავაყენებდი საკითხს ისე, რომ თავიდანვე მზადყოფნა გამოვხატოთ დამოუკიდებლობის ასაღიარებლად. მოლაპარაკებების პროცესში გამოიკვეთება, რა გზები გაიხსნება. უნდა იყოს გახსნილობა სხვადასხვა შესაძლებლობის განსახილველად, რაც არ ნიშნავს იმას, რომ რამეზე ვაწერთ ხელს. სხვანაირად მოლაპარაკებებს ვერ გავააქტიურებთ. ადამიანმა თავისი ვარიანტი დააფიქსირა, ამ ვარიანტის დაფიქსირება ჩემთვის ნაკლებად მისაღებია", - განაცხადა ხუციშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, იმისთვის, რომ პერსპექტივა გამოჩნდეს აღნიშნულ საკითხში, არ უნდა იყოს ლაპარაკი სტატუსზე.
"უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენასა და ურთიერთობის შენებაზე. ამასობაში დე-ფაქტო და ჩვენს ხელისუფლებებს შორის უნდა იყოს რაღაც საქმიანი რეჟიმი კომუნიკაციის თვალსაზრისით. ეს იმ დოკუმენტითაც იყო გათვალისწინებული, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. ამის შემდეგ გაჩნდა პროფილი "ჩართულობა" "არაღიარებასთან" ერთად. ვფიქრობ, ჩვენს პირობებში არაღიარება სწორია, მაგრამ არ გამოგვდის ჩართულობა. ვინაიდან ხელს ვუწყობთ არაღიარებას და არ გამოგვდის ჩართულობა, ეს ხელს უწყობს აღიარებას", - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი სტატუსის განხილვის საკითხებზე, იქამდე, სანამ მოლაპარაკებები არ დაიწყება.