ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ე.წ. რწმუნებული კოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ უარი განაცხადა 17 დეკემბერს ერთნეთში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე.
მისივე ინფორმაციით, ერგნეთში 17 დეკემბერს შეხვედრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება 14 დეკემბერს ეუთოსა და კოკოითის ე.წ. "მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრისას იყო მიღებული. ორმხრივი შეხვედრა ერგნეთში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლის ხარლამოს ხრისტოპულოსის მონაწილეობით უნდა გამართულიყო.
ჩოჩიევი ასევე აცხადებს, რომ დღეს მას ტელეფონით დაუკავშირდნენ ეუთოს სამდივნოს წარმომადგენლები და აცნობეს, რომ ქართული მხარე ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს მანამ ვიდრე 4 ნოემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქეები არ განთავისუფლდებიან.
"ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული მხარე ჩვენ შანტაჟს გვიწყობს და აღნიშნული ფაქტის პოლიტიზირებას ახდენს, ეს რათქმაუნდა დაუშვებელია",_ აცხადებს ჩოჩიევი.