"საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების იდეა ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. რადგან ამ იდეის გამოტანა მოხდა გარეთ და ეს გააკეთა ქართველმა, ეს მით უფრო საშიშია", - ეს განცხადება პარტია "იმედის" ლიდერმა, ირინა სარიშვილმა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტ მამუკა არეშიძის ინიციატივის კომეტირებისას, რომელშიც არეშიძე აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს მხრიდან შესაძლებლად მიიჩნევს.
"მგონია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ მოიძებნება ადამიანი, მიუხედავად რელიგიური, ეროვნული და ნებისმიერი აღმსარებლობისა, რომელიც ამ განცხადების მიმართ დადებითად იქნება განწყობილი. თუ საქართველოს ნებითვე მოხდება ამ ტერიტორიის აღიარება, მაშინ ყველანაირი აზრი ეკარგება იმაზე საუბარს, თავისუფალი უნდა იყოს თუ არა ეს ტერიტორია, რუსეთის ან ნებისმიერი სხვა უცხო ქვეყნის ჯარისგან", _ აცხადებს სარიშვილი და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება მამუკა არეშიძეს შემთხვევით არ გაუკეთებია.
"ვფიქრობ, ეს განცხადება არ არის შემთხვევითი. აგვისტოშიც პროვოკაცია გათამაშდა იმისთვის, რომ წაეგოთ ეს ომი, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებას ორჯონიკიძესავით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიის პირდაპირ ჩუქება გაუჭირდებოდათ. როგორც ჩანს, ახლა მეორე ეტაპზე ვართ მისული - ომი წავაგეთ, აქამდე სასაცილოდ რომ არ გვყოფნიდა, ისეთმა ქვეყნებმა ცნეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, აქ რუსეთზე არ მაქვს საუბარი და დღეს უკვე საქართველოს მიმართ დგება ასეთი რადიკალური განცხადება", _ აცხადებს სარიშვილი.
თუმცა, მისი აზრით, ეს თემა"ჯერჯერობით" სადავო თემად დარჩება.
"ვფიქრობ, ეს მაინც ჯერ სადავო თემად დარჩება ხელისუფლებისთვის, ეს დაახლოებით ის არის, კოდორი რომ გახდეს სადავო ან გალის რაიონი, ანუ ისეთი თემა, რომელიც ან დაითმობა, ან არ დაითმობა და ამის არდათმობა ძალიან დიდ ვაჟკაცურ ნაბიჯად ჩაითვლება ხელისუფლებისთვის", _ აცხადებს სარიშვილი და დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია, რაში დასჭირდა არეშიძეს ამ განცხადების გაკეთება.
"არ ვიცი, თვითონ არეშიძეს რაში დასჭირდა ასეთი განცხადების გაკეთება, მასთან პიროვნულად ცუდი ურთიერთობა ნამდვილად არ მაქვს, არც მისი ურთიერთობების შესახებ ვიცი არაფერი, ანუ კონკრეტულად ვის მიმართ გამოხატავს სიმპათიებს, ამიტომ შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა - ეს იდეა არის ძალიან დიდი საფრთხის შექცველი და რადგან ამ იდეის გამოტანა მოხდა გარეთ და ეს გააკეთა ქართველმა და არა რომელიმე თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მით უფრო საფრთხის შემცველია. ალბათ, საზოგადოების გარკვეულ ზონდირებასთანაც გვაქვს საქმე -ანუ მოუსინჯოს ნიადაგი, როგორ შეხვდება ამას ქართული საზოგადოება", _ აცხადებს სარიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.