ძალიან საჩოთიროდ მიმაჩნია, ის რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, - ასე ეხმიანება აკამდემოკოსი მარიკა ლორთქიფანიძე კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის ინიციატივას, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს. "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ აფსუებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ თუ ისინი საქართველოსთან არ იქნებიან, აღარ იქნებიან.
მისივე თქმით, მამუკა არეშიძეს ალბათ რაღაც ინფორმაცია აქვს, რადგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პრეზენტაცია მოახდინა.
"მამუკა არეშიძე უჭკუო კაცი არ არის. ეტყობა რაღაც ინფორმაცია აქვს. ამასთანავე ის ნამდვილად ქართველი პარტრიოტია. მაგრამ მე მაინც ძალიან საჩოთიროდ მიმაჩნია, ის რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვაღიაროთ. მართალს ამბობს მამუკა, რომ თუ ეს არ მოხდა საშინელი მდგომარეობა შეიქმნება. მე თვალწინ მიდგას ტაო-კლარჯეთი. მართალია, ის ძალით წაიღეს, მაგრამ ჩვენ ვერც კი ვაყენებთ საკითხს ამის შესახებ. ცოტა მეშინია, რომ აი, ასეთ მდგომარეობაში არ ჩავიგდოთ თავი. საქართველოსთვის აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარება საქართველოსთვის სასარგებლო ვერ იქნება. მაგრამ ერთ რამეს კი გეტყვით, რომ აფხაზებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ თუ ისინი საქართველოს შემადგენლობაში არ იქნებიან, ან იქნებიან ისეთ მდგომარეობაში, როგორც არიან, ან რუსეთს თუ შეუერთდებიან, ან თუ ისინი დამოუკიდებლობას მოიპოვებენ, რამდენიმე წელიწადში აფხაზი, როგორც ასეთი აფსუა, აღარ იქნება. აფხაზი ქართველია ", - განაცხადა ლორთქიფანიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისივე თქმით, აფხაზეთის დაბრუნება ძალიან რთული პრობლემაა.
"ეს თითონ აფსუებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ ისინი ჩამოყალიბდნენ სახელმწიფოდ, ერად, თუ მათ აქვთ თავისი დამწერლობა და ენა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ. აი, ეს უნდა გააცნობიერონ მათ. ვერ გეტყვით იმის შესახებ, რომ ამ ინიაციტივის უკან რაიმე გეგმა არსებობდეს. მამუკა ჭკვიანი კაცია. ინფორმაციაც, რასაკვირველია, ჩემზე მეტი აქვს. მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვცნოთ", - აღნიშნა მარიკა ლორთქიფანიძემ.