რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელოვნურად ხდება ვითარების ესკალაცია, რომ შეიარაღებეული ძალების გაზრდის დამატებითი "არგუმენტები" მიეცეთ. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე რუსეთის ხელისუფლების აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2013 წელს ჯარების გაზრდის გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა.
"რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება 2013 წელისთვის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებული შეირაღებული ძალების ორნახევარჯერ გაზრდასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უზარმაზარი საფრთხის შემცველი და მატარებელი ინფორმაცია, განსაკუთრებით იმის ფონზე რაც ხდება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე, კონფლიქტის ზონებში და მიმდებარე ტერიტორიაზე", - აღნიშნა თარგამაძემ.
დეპუტატმა ონის რაიონიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ათი ქართველიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ქართველები ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს, მათი ბედი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.
"ამ ყველაფერს თან ერთვის განცხადები, რომელიც სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებას უკავშირდება, სადაც აღნიშნულია იმის აუცილებლობა, რომ ყველა საზღვარი რუსეთის, მათ შორის აფხაზეთის ე.წ. საზღვარი საქართველოსთან მიმართებაში ჩარაზული უნდა იყოს. ყველა ეს ინფორმაცია ერთმანეთის მიყოლებით გავაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ხელოვნურად ხდება ესკალაცია იმისთვის, რომ რუსეთს მიეცეს დამატებით "არგუმენტები", რომელსაც თავად ქმნის ასეთი ნაბიჯების შედეგად და რომელმა ხელი უნდა შეუწყოს შეირაღებული ძალების, ტექნიკის და სამხედროების რაოდენობის ზრდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - აცხადებს დეპუტატი.
ამასთან, თარგამაძემ პარლამენტს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მოუწოდა, რომ აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების გაზრდასთან დაკავშირებით იმსჯელონ, ასევ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართონ, რომ მათ ხელთ არსებული დიპლომატიური წყაროების მეშვეობით ინფორმაცია გადაამოწმონ და პარლამენტის უკვე გადამოწმებული მონაცემები მიაწოდონ.
"საქართველოს ხელისუფლება უნდა მიიღოს გადამწყვეტი და მკაცრი ზომები, მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს მძიმე გამოცდილება 2008 წლის მოვლებების მომწიფებასთან დაკავშირებით და აუცილებელია აღნიშნულ საკითხზე ახლავე მივიპყროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება", - მიაჩნია გიორგი თარგამაძეს.