საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატ" დეპუტატ ჯაბა სამუშიას მტკიცებით, ახალი კანონპროექტებით, დასუფთავების გადასახადი რეალურად 50 %-ით იზრდება. როგორც სამუშიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დასუფთავების მოსაკრებლის ახალი მოდელი ძლიან ბევრ ადამიანს შეუქმნის პრობლემას.
"2010 წლის აგვისტოდან მოყოლებული უმრავლესობა თბილისებს ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. მორიგი სიურპრიზია თბილისის მერიიდან შემოსული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც დასუფთავების მოსაკრებელი იცვლება, გადასახადს 50%-ით ზრდის. იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ გაზი და უწევთ მხოლოდ ელექტროენერგიის გამოყენება, მათთვის გადასახადი საგრძნობლად გაიზრდება, განსაკუთრებით ზამთარში", - განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" თბილისის მერიას მოუწოდებენ, რომ უკან გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი. სამუშიას თქმით, სრულიად გაუგებარია, როცა თბილისის ბიუჯეტიდან დასუფთავებაზე 40 მილიონი ლარი გამოიყოფა და მოსაკრებლის გადასახადი ძვირდება.
ცვლილების შემდეგ, ფიქსირებული გადასახადი, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 2,5 ლარს გაუქმდება. მის ნაცვლად კი თითოეულ ოჯახს, მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით მოუწევს დასუფთავების გადასახადის გადახდა. კანონპროექტის მიხედვით, დახარჯულ ერთ კილოვატზე დასუფთავების გადასახადზე დაირიცხება 0,05 ლარი. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" თავჯდომარემ ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა განმარტა, აღნიშნული ცვლილებით თბილისის მოსახლეობას შეუმცირდებათ გადასახადი. მოსაკრებლის შეცვლის კანონპროექტი თბილისის მერიიდან საკრებულოში შესულია და ის პირველივე საკრებულოს სხდომაზე განიხილება.