დღეს, 18 ივნისს „რომპეტროლის სეზონი 2011" უპრეცედენტოდ სწრაფ წყვილთა რბოლას უმასპინძლებს.
საავტომობილო ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, რბოლა შემოსავლების სამსახურის ლილოს გაფორმების ზონაში, მოყვარულთა და აბსოლუტკლასებში 17.00 საათზე დაიწყება. შეჯიბრება იმდენად სწრაფი იქნება, რომ მოყვარული მრბოლელებიც ვალდებული იქნებიან ჩაფხუტებით იასპარეზონ.
„ეს იქნება უპრეცედენტოდ სწრაფი რბოლა, რაც აქამდე ჩატარებულა. შერჩეული ტერიტორია იმდენად დიდია, რომ საშუალებას იძლევა მრბოლელებმა მაღალი სიჩქარე განავითარონ, ამიტომ ყველა მათგანი ჩაფხუტით იასპარეზებს. საავტომობილო სპორტი მართლაც განვითარდა და ამას ავტომოყვარულთა ასეთ სერიოზულ, ნახევრად პროფესიონალურ შეჯიბრებში მონაწილეობაც მოწმობს", - აცხადებს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.
რბოლის პირობების თანახმად პირველ ეტაპზე მოყვარული მრბოლელები იასპარეზებენ, რომელთაგან 8 საუკეთესო მაჩვენებლების მქონე მანქანა ავტომატურად გადავა პროფესიონალთა შეჯიბრებაში. გამარჯვებულები „რომპეტროლ საქართველოს" მიერ დაწესებული საპრიზო ფონდიდან დაჯილდოვდებიან.
„რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტის განცხადებით, კომპანიამ საავტომობილო ფედერაციათან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე სეზონში ყველა შეჯიბრება განსხვავებულ ფორმატში წარიმართოს.
„ვცდილობთ მოყვარულების ჩართულობით საავტომობილო სპორტი კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ. მივესალმებით იმ ფაქტსაც, რომ სულ უფრო მეტი მოყვარული გამოთქვამს სურვილის იასპარეზოს პროფესიონალების მხარდამხარ. „რომპეტროლი" უკვე 4 წელია ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში ავტოსპორტი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სპორტად იქცეს და ვფიქრობ, ამ მხრივ მიზანი მიღწეულია", - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
„რომპეტროლ საქართველო" 2008 წლიდან ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერი და გენერალურო სპონსორია. წელსაც, უკვე მეოთხედ, ყველა სეზონი „რომპეტროლის" სახელს ატარებს. „რომპეტროლის სეზონის 2011" ფარგლებში ყველა შეჯიბრი გასული წლებისგან განსხვავებულ ფორმატში გაიმართება და ავტომოყვარულებს საინტერესო სანახაობებს შესთავაზებს.