დღეს, 18 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ავტორთა საზოგადოების ხელმძღვანელი და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის" თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე საქართველოში მოქმედი სარეკლამო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება. შეხვედრა შეეხება სარეკლამო კომპანიებისათვის საავტორო უფლებებით სარგებლობის ახალი ტარიფების დაწესებას.
შეხვედრაზე გაიმართება პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს სატარიფო პოლიტიკის რეფორმირებას, არსებული რეალობის გათვალისწინებით სარეკლამო კომპანიებისათვის საავტორო უფლებების გამოყენების ტარიფების დაწევას და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ ავტორთა საზოგადოების მიერ სარეკლამო კომპანიების მიმართ არსებული დავების დარეგულირებისა და მათი გადაწყვეტის გზებზე.
პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე გიგა კობალაძე და მისი მოადგილე თამარ კემულარია.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოში მოქმედი სარეკლამო კომპანიების ხელმძღვანელები.
შეხვედრა გაიმართება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" შენობაში - მისამართი: რუსთაველის გამზ. #30 (ყოფილი იუსტიციის სამინისტროს შენობა, შესასვლელი გამზირის მხრიდან)