ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი ალფრედ კარლო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს ხსნის. ინფორმაცია ამის შესახებ ვანუატუს მთავრობის ვებგვერდზეა მოყვანილი.
"აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ახსნა-განმარტების მიცემისას, მინისტრი აცხადებს, რომ ვანუატუ "კოლონიალიზმის ლიკვიდაციის" მომხრე საერთაშორისო მოძრაობაში მონაწილეობს. იგი დასძენს, რომ აფხაზეთის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული არ არის. მისი თქმით, ვანუატუს ოფიციალური ურთიერთობების დამყარება საქართველოსთანაც სურს", _ ნათქვამია ვანუატუს მთავრობის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კარლო აცხადებს, რომ 1987 წელს იგი მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სწავლობდა. ამის გამო, როგორც თვითონ აცხადებს, კარგად ერკვევა რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში.