საქართველო არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომელსაც აუცილებლად მიიღებენ ნატოში. ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელმა სერჟიო დი გრიგორიომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სერჟიო დი გრიგორიომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობების გამო.
"შეშფოთებული ვართ ტერორისტული აქტებით და ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომლებიც საქართველოში მოხდა. გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ტერორისტული აქტი საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისთან იყო დაგეგმილი. დარწმუნებული ვართ, ვისაც საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა უნდა, ამას ვერ მოახერხებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომელიც აუცილებლად მიღებული იქნება ნატოში", - დასძინა დელეგაციის ხელმძღვანელმა.
მისი შეფასებით, საქართველოს სრულ უფრო მიუახლოვდა ევროკავშირში ინტეგრირებას და ტერორიზმით ვერ მოახერხებენ, ევროპული მისწრაფებები შეასუსტონ.
"საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ კიდევ ერთხელ ადასტურებს ის წარმატებები, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო პერიოდში. ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატებები, რომლებსაც საქართველომ მიაღწია, იმის საწინდარია, რომ ქვეყანა უახლოეს ხანებში აუცილებლად იქნება ნატოსა და ევროპული ოჯახის წევრი", - აღნიშნა მან.
იტალიის დელეგაციის წევრებმა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს ავღანეთში განხორციელებული ძალისხმევისთვის.