ახალი საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციის კუთხით კახა ბაინდურაშვილის დიდი დამსახურება აქვს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმა ფინანსთა ყოფილი მინისტრის კახა ბაინდურაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შეფასებისას აღნიშნა.
"კახა ბაინდურაშვილი კარგი მინისტრი იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი ლიბერალური ხედვა საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით. ახალ კოდექსშიც, ძალიან ბევრი მუხლი, რომელიც არის ლიბერალურად დაზუსტებული, კახას დამსახურება", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისი შეფასებით, ფინანსთა ყოფილი მინისტრი თავის საქმიანობას წარმატებულად უძღვებოდა.
"დარწმუნებული ვარ, რა სფეროც არ უნდა ჩააბარონ ბაინდურაშვილს, მასაც წარმატებულად წარუძღვება", - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა, მას ამ პოსტზე მისი მოადგილე დიმიტრი გვინდაძე ჩაანაცვლებს.