სეპარატისტულ აფხაზეთში ჯერჯერობით არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ინფორმაციას ვანუატუს მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის პრემდივნის, რუბენ მიგრანიანის ინფორმაციით, მათ ეს ახალი ამბავი ქართველი წყაროებისგან გაიგეს.
"ეს ახალი ამბავი ქართული წყაროებისგან გავიგეთ, რომლებიც, თავის მხრივ, ვანუატუს წარმომადგენელს ეყრდნობიან. პირველწყაროს ჯერჯერობით ვერ ვუკავშირდებით. სიტუაციას ვარკვევთ", _ განაცხადა მიგრანიანმა.
შეგახსენებთ, რომ ვანუატუს ახალმა მთავრობამ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ წინა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიის და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ალექსიძემ განუცხადა.
"17 ივნისს გავრცელდა ვანუატუს ახალი მთავრობის პრეს-რელიზი, რომლის თანახმადაც, დღევანდელი მთავრობა უკან იწვევს და აუქმებს წინა მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების თაობაზე", - განაცხადა ალექსიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ ვანუატუს ახალი მთავრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს უჭერს.
"ეს ადასტურებს ასევე რომ ვანუატუს წინა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო შეცდომა და გაუგებრობა", - აღნიშნა ალექსიძემ.