სტიქია მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში მძვინვარებს, მცხეთის რაიონში არმაზის ხიდზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა მანქანა მოიყოლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც დროულად მოასწრო გადმოსვლა.
სახლებია დატბორილი საგურამოსა და ახალსოფელში, ცხვარიჭამიისაკენ მიმავალი გზა კი რამდენიმე ადგილზე გადაკეტილია ქვა-ღორღის ჩამოშლის გამო და გადაადგილება ამ მიმართულებით შეუძლებელია. იქ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა კახეთში - წვიმამ საფრთხე შეუქმნა ალავერდის ეკლესიის გალავანს და გადაადგილება შეფერხებულია ტაძრისკენ მიმავალ გზაზე.
ახმეტაში ადიდებულია ჩაბინაანის ხევი, რომელმაც საფუტკრე მეურნეობა დატბოტა, სკები წყლით არის სავსე. მეურნეობასთან ჩარჩენილია რამდენიმე მანქანა. მთლიანად წყალშია ვენახები და ნათესები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, გზებზე კი მოძრაობაა შეფერხებული.
თელავის რაიონის სოფელ გულგულაში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა თურდოსხევმა ათეულობით სახლის ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები დატბორა. ნათესები აქაც განადგურებულია.
"ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქში დაიტბორა ათეულობით საცხოვრებელი სახლი. დატბორილია სოფლების სასოფლო-სამეურნეო სავარდულები 500 ჰა-ზე მეტი და რაც ყველაზე სამწუხარო მომენტია დატბორილია ალავერდის მონასტრის ტერიტორია. ასევე მთლიანად განადგურებულია ალავერდის მონასტრის საფუტკრე მეურნეობა", _ აცხადებს ახმეტის რაიონის გამგებელი კობა მაისურაძე.