ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი ახალგორის გამგებელს ზურაბ ფიცხელაურს დევნაში ადანაშაულებს, რადგან მან უარი განაცხადა ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე. ამის შესახებ თამარ მეარაყიშვილმა დღეს, პარლამენტში ოპოზიონერ დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საჯარო სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს დაუგზავნა გაფრთხილება, რომ თუკი ისინი წეროვანში არ გამოცხადდებიან სამუშაოდ, ხელფასები შეუწყდებათ.
მეარაყიშვილი ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე შეეხო ახალგორის სანეპიდსადგურის თანამშრომლებს, რომლებმაც უარი განაცხადეს წეროვანში გადასვლაზე და ცხოვრებაზე.
მეარაყიშვილი ისიც აღნიშნა, რომ ახალგორის გამგებელი დღემდე აფინანსებს ახალგორში ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული არიან. მაგალითისთვის მეარაყიშვილმა დაასახელა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის დედა, რომელიც 80 წლის არის და ისე ფინანსდება, რომ ახალგორში არც კი ჩადის.
"პირადად მე, იმის გამო ვისჯები, რომ ზურაბ ფიცხელაური მიბარებდა და მთავაზობდა, მაგრამ არ ვითანამშრომლე ქართულ სპეცსამსახურებთან, ქართულ უშიშროებასთან, რომელსაც ისინი მავალებდნენ და მაიძულებდნენ. ფიცხელაური ასევე მოითხოვდა ჩემგან წეროვანში კვირაში ერთხელ გამოცხადებას, რათა მისთვის მიმეტანა ამბავი ვინ როგორ იქცეოდა ახალგორში. თუ ამ ყველაფერს მე ფოტო მასალასაც დავურთავდი და მობილურით ჩავიწერდი, ვიქნებოდი უალტერნატივო, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი. ამ ყველაფერზე უარი განვაცხადე და ამიტომ მოხდა ჩემი დევნა", - აღნიშნა მეარაყიშვილმა.
ამასთა, მერაყიშვილის მტკიცებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალოდია შერმადინი, რომელიც წეროვანში მუშაობს და ცხოვრობს, ახალგორში სახლი აქვს გაქირავებული რუსული ბანკის მმართველზე და ქირის სახით რუსულ რუბლებში იღებს ფულს.