რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს, სერგეი ბაღაფშს, ე. წ. პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ბაღაფშის გამარჯვებას მის მიერ გატარებული კურსის საზოგადოებისგან მხარდაჭერის გამოხატულება უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
"თქვენთვის აფხაზი ხალხის მიერ გამოხატული ნდობა მოწმობს იმას, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ თქვენ მიერ გატარებულ კურსს, რომელიც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს შენებას, მისი უსაფრთხოების დაცვასა და აფხაზეთის ეკონომიკის აღდგენას ემსახურება", _ ნათქვამია მისალოც განცხადებაში.
მედვედევი აცხადებს, რომ "რუსეთსა და აფხაზეთის ურთიერთობები ახალ დონეზე ავიდა".
"დარწმუნებული ვარ, ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა, კონსტრუქციული ურთიერთგაგება და თანამშრომლობა მომავალშიც გაფართოვდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ", _ ნათქვამია მედვედევის მილოცვაში.