საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დაცულია _ ხორცისგან აღარ მოიწამლება, რადგან დღეს თბილისის ბაზარში ხორცი ზუსტად იგივე ფასი ღირს, რაც ლონდონის ცენტრში.
ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თქვენ სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით ღონისძიებების გატარება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა გადაწყვიტეთ იმ გზით, რომ ამ ადამიანებმა ხორცი საერთოდ არ ჭამონ. ეს არის ძალიან ცუდი გზა, მოკლე, ადვილად მისაღწევი. ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დაცულია _ ხორცისგან აღარ მოიწამლება, რადგან დღეს თბილისის ბაზარში ხორცი ზუსტად იგივე ფასი ღირს, რაც ლონდონის ცენტრში", - აღნიშნა თარგამაძემ.
თარგამაძის გამოსვლას უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ადგილიდან გამოეხმაურა და აზერბაიჯანში ღორის ხორცის ფასი შეახსენა.
"მოკლედ ეს აზერბაიჯანი, რომ არ ჰქონდეს პეტრეს რა ეშველებოდა? კარგია, ბატონო აზერბაიჯანი, მაგრამ იმ აზერბაიჯანში სხვა რაღაცეებია იაფი, მაშინ ადექით და ნავთობიც გააიაფეთ. აქ აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობის მოთხოვნას გამოეხმაურა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით ღონისძიებებს ვამკაცრებთ, "ქრისტიან-დემოკრატებმა" უმრავლესობას, მთავრობას და ნაციონალურ მოძრაობას შეგახსენეთ ის, რაც თქვენმა მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ამავე ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოში იქნებოდა ჯანსაღი ხორცი 10 ლარად. სად არის ეს ხორცი 10 ლარად?", - მიმართა უმრავლესობას თარგამაძემ.
ამასთან, უმცირესობის ლიდერი დაინტერესდა, მას შემდეგ რაც კვეზერელი თავის პირობებს არ ასრულებს რატომ არის ეს მინისტრი კვლავ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
"პეტრე ცისკარიშვილი, რომელსაც ეკონომიკაში ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული, ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, ხშირად საუბრობს საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, კონკურენციაზე, მაგრამ ამავე დროს, პირადად იგი და მთელი უმრავლესობა გამოირჩევა ორმაგი სტანდარტებით. ორმაგი სტანდარტები მდგომარეობს სწორედ იმაში, როდესაც ჩვენ გვიკითხავენ ლექციას, რომ თურმე სახელმწიფო რეგულირება უნდა იყოს შეზღუდული და თავისუფალი კონკურენცია უნდა იყოს, ამავე დროს მთავრობა, უმრავლესობის ლიდერის ხელმძღვანელობით პარლამენტში ახალისებს და მხარს უჭერს ქვეყანაში მონოპოლიური გარემოს ჩამოყალიბებას", - განაცხადა დეპუტატმა.
თარგამაძის შეფასებით, კი მონოპოლიზაციის კლასიკური ნიშანი არის ის, რაც ხორცთან მიმართებაში მოხდა, რადგან ერთი-ორ კონკრეტულ ორგანიზაციას მეცა ხორცის მიღებისა და ჩაბარების საშუალება, რის გამოც კონკურენცია არ არის და 10-ის ნაცვლად ხორცი 20 ლარი გახდა.
"20 ლარიანი ხორცი - ეს არის ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ნამდვილი სახე. ეს არის გამოსავლის პოვნა ეკონომიკაში სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისათვის. როდესაც იმისთვის, რომ ვიღაცამ უფრო ადვილად მოაგროვოს თანხები, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ისედაც ძალიან შეზღუდულ საარსებო კალათას ვუზღუდავთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: გადააყენეთ ეს მინისტრი და უარი თქვით თქვენს მონოპოლისტურ ეკონომიკაზე, რომელიც მთელ საქართველოს უფრო მეტი შიმშილობით ემუქრება", - მიმართა გიორგი თარგამაძემ პარლამენტს.