აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინფორმაციით, გალის რაიონში რუსეთის უშიშროების სპეცსამსახურები შეიყვანეს.
როგორც ბარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გალში რუსეთის უშიშროების სპეცსამსახურის 600-მდე ჯარისკაცია მობილიზებული.
"მათ იმ მაცხოვრებლების მიმართ სადამსჯელო ღონისძიება უნდა განახორციელონ, რომლებმაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს", - განაცხადა ბარამიამ.
მისივე თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალები და დე-ფაქტო შსს-ს საგანგებო მდგომარეობაში მუშაობენ, რათა არჩევნების გაყალბების გამო ოპოზიციის უკმაყოფილება სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 12 დეკემბერს გაიმართა. საარჩევნო უბნები მოსკოვის დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. აფხაზური ე. წ. კანონმდებლობის თანახმად, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარს დააგროვებს.
სეპარატისტების ე. წ. ცესკოს მიერ შედგენილ სიაში 131 000 ამომრჩეველი იყო. სულ აფხაზეთში 35 საარჩევნო ოლქი და 174 უბანი მომქდებდა. საარჩევნო უბნები ასევე გახსნილი იყო მოსკოვსა და ჩერკესკში. ე. წ. აფხაზური ცესკოს თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, არჩევნებს მხოლოდ რუსეთიდან 80 დამკვირვებელი ესწრებოდა. მისი თქმით, დამკვირვებლები ასევე იყვნენ დსთ-ის ქვეყნებიდან, ევროპასა და აშშ-დან.