აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების რეგისტრაცია 27 ივნისიდან დაიწყება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ე.წ. კანდიდატებს რეგისტრაციის გასავლელად ვადა 17 ივლისამდე ექნებათ.
ამ დროისთვის კი, აფხაზეთის ე.წ. ცესკო-ში ამომრჩეველთა სიების შედგენაზე და დაზუსტებაზე მიმდინარებს მუშაობა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ისინი ამომრჩეველთა წინასწარ სიებს მიიღებენ.
როგორც ცნობილია, სეპარატისტულ აფხაზეთში რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე 26 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში მოსკოვის 83-ე საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მის მოვალეობას ამჟამად სამი თვის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები