ჟენევაში ჩატარებულ საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს.
"ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე მონაწილეებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან არსებული სიტუაცია მიმოიხილეს. განხილვისას აღინიშნა, რომ მიუხედავად საზღვრებზე არსებული შედარებითი სტაბილურობისა, საშიში ინციდენტების რიცხვი გაზრდილია", - ნათქვამია განცხადებაში. ამ მიმართულებით ხაზგასმულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობა.
განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე აღინიშნა "თბილისის მიერ ბოლო დროს აღებული კურსის საფრთხის შემცველობა, რომელიც აგრესიულ-პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებას გულისხმობს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ.
აფხაზურმა და სამხრეთოსურმა დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმებაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ გაისმა ბრალდებები რუსეთის მისამართით.
"საქართველოს ბრალდება თითქოს რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მომზადების შესახებ სხვანაირად ვერ განიხილება გარდა იმისა, რომ მათ შიდა პოლიტიკური სირთულეების გადაბრალება უცხოელ მტერზე სურთ. რუსეთი არის პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა და მზადაა განიხილოს წარმოდგენილი ფაქტები, მაგრამ არა ხელოვნურად შექმნილი ფალსიბიცირებული მონაცემები", _ ნათქვამია განცხადებაში.