ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რუსეთის ხელში თვალთმაქცობის ინსტრუმენტად არ უნდა გადაიქცეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლის შეფასებისას განუცხადა.
"ჟენევის მოლაპარაკება გვინდა, რომ შევინარჩუნოთ, როგორც რუსეთთან დეოკუპაციაზე დიალოგის პლატფორმა. მით უმეტეს, რომ მოლაპარაკებების მედიატორები არის მესამე, ნეიტრალური მხარე, ცივილიზებული მსოფლიოს წარმომადგენლები. სწორედ იმიტომ, რომ მოლაპარაკება არ დაემსგავსოს ცარიელ ფორმალობას ჩვენი პოზიციაა, რომ ამ მოლაპარაკებში არ მოხდეს უგულებელყოფა ისეთი საკითხების, როგორიცაა საქართველოში ტერორისტული აქტების დაგეგმაა, რომლის ფაქტობრივი მტკიცებულება ჩვენ გაგვაჩნია და საერთაშორისო საზოგადოებასაც გადავეცით", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი ფაქტების უგულებელყოფა რუსეთის მხრიდან, რომ ვითომ არაფერი არ ხდება და ერთი ხელით ტერაქტებს განხორციელებს და მეორეს მხრივ ლაპარაკობს უსაფრთხოების მოდელებზე თვალთმაქცობა.
"ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს მოლაპარაკება არ გადაიქცეს რუსეთის ხელში თვალთმაქცობის ინსტრუმენტად. ჟენევის მოლაპარაკება ჩვენს ინტერესებში შედის, მაგრამ რუსეთმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებს ან მოახდინოს რეაგირება და დასაჯოს პირები, რომლებიც ამ ტერორისტულ აქტებში მონაწილებდნენ, რომელთა სახელები, გვარები, სამუშაო ადგილები და მისამართებია ცნობილი", - მიაჩნია უმრავლესობის წევრს. .
შეგახსენებთ, რომ ქართული მხარე არ გამორიცხავს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის თქმა, თუ რუსეთის ხელისუფლება საქართველოში ტერორისტული აქტების მოწყობას არ შეწყვეტს.