საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, რუსეთზე საერთაშორისო პოლიტიკური ზეწოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას განუცხადა.
"ეს არის რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ნაწილი და მუდმივად ყველა საერთაშორისო ფორუმზე დაფიქსირება პოზიციის, რომ მათ უნდა შეასრულონ ის ვალდებულები, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით აიღო და პატივი უნდა სცეს საერთაშორისო წესრიგს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ზეწოლის", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი ზეწოლის განხორციელება რუსეთზე ყველა საერთაშორისო და პოლიტიკურ ფორუმზე უნდა ხდებოდეს.
"დადებითი შედეგია, რომ ხდება საერთაშორისო პოლიტიკურო წრეების ზეწოლა რუსეთზე, რომელსაც ყოველთვის აზრი აქვს. რა თქმა უნდა ეს ხანგძლივი პროცესია. დაუყოვნებლივი, მომენტალური შედეგი ამას არ ექნება, რადგან ამ ეტაპზე რუსეთი არ დათმობს თავის პოზიციებს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არის კონსოლიდირებული ერთიანი აზრი საერთაშორისო საზოგადოების ამა თუ იმ საკითხზე", - მიაჩნია დეპუტატს.
ამასთან, გაბაშვილის შეფასებით, ადრე თუ გვიან ყველა ავტორიტარულ რეჟიმის, ისეთს როგორიც რუსეთში მოუწევს დაექვემდებაროს საერთაშორისო აზრს და გადახედოს თავის განცხადებებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პასპორტების გაცემა შეწყვიტოს, პატივი სცეს გაფორმებულ შეთანხმებებს და საოკუპაციო ჯარი გაიყვანოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.