საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მეზობლები იმდენად სწრაფად ვითარდებიან, რომ საქართველოს ჩამორჩენის უფლება არ აქვს. მისი თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში, საქართველო ჩამორჩება და ჩაიწიხლება.
"ძალიან დიდ პროექტებში შევდივართ. მომავალ წელს ჩვენ გვექნება ორნიშნა რიცხვები პროექტების რაოდენობასა და ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი მეზობლები იმდენად სწრაფად ვითარდებიან, რომ არა გვაქვს უფლება ჩამორჩენის და იმის, რომ ნელა ვვითარდებოდეთ. ჩამოვრჩებით და ჩავიწიხლებით. ეს არის სრულიად დაუშვებელი. ჩვენ უნდა გვქონდეს ზრდა, რაც გამოიხატება ჰესების მშენებლობით, განსაკუთრებით რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში და მთლიანად საქართველოში. აჭარაში ხორციელდება პროექტები, პროექტები ხორციელდება იმერეთში და მთლიანად საქართველოში", - განაცხადა სააკაშვილმა სამეგრელოში რწმუნებულებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს ტურიზმი.
"მომავალ წელს ველით 3 მილიონ ტურისტს, მომავალ წელს 4 მილიონს და შემდეგ წელს 5 მილიონს. 5 მილიონი ტურისტი ნიშნავს იმას, რომ მთლიანად დაილევა ქართული ღვინო საქართველოში. ზრდა უნდა იყოს ყოველწლიური. ეს არის ძალიან დიდი რაღაც, როდესაც გვეყოლება უფრო მეტი ტურისტი ვიდრე გვყავს მოსახლეობა. აუცილებლად უნდა გავაორმაგოთ სოფლის მეურნეობის მაჩვენებელი, გვაქვს პოტენციალი გასსამაგებისა და გაოთხმაგების. 2013 წელს საქართველოში გაკეთდება ის, რაც არასდროს ყოფილა. 2013 წელს ყველგან კარგი გზა გვექნება, ყველასთან იქნება წყალი. თუ ეს პროექტები განხორციელდა, უმუშევრობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს 16-იდან 10 პროცენტამდე. 2013 წელს ჩვენი რკინიგზა შეუერთდება ევროპულ რკინიგზას, ეს შეიძლება 2012 წელსაც მოხდეს. ჩვენ დავუბრუნდებით გეოგრაფიულად, ინფრასტრუქტურულად ევროპულ სისტემას. გარდა ოკუპირებული რეგიონებისა, ყველა რეგიონში ხორციელდება ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც ქვეყნის შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმება, ხელშეწყობა და რასაც ჩვენ ვვარაუდობთ, იმისკენ გზა რომ 2015 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსალავალი გაორმაგდეს. 2013 წლამდე განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება. ცუდი რიცხვია 13, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან ბედნიერი რიცხვი იქნება", - განაცხადა სააკაშვილმა რწმუნებულებთან შეხვედრის შეჯამებისას.
მისი თქმით, ამ პროექტების განხორციელებისთვის, გუბერნატორები მაქსიმალური ანგარიშვალდებულების რეჟიმში უნდა იმყოფებოდნენ, რათა მაქსიმალურად განვითარდეს ის მხარეები, რომლებსაც ისინი ხელმძღვანელობენ.