ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მე-16 რაუნდის შედეგად აფხაზ და ოს სეპარატისტთა დელეგაციებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს. განცხადება საქართველოს მიერ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაში შეტანილ რეზოლუციის პროექტს ეხება.
სეპარატისტები აცხადებენ, რომ თუ საქართველო დევნილების პრობლემატიკის გადასაწყვეტად გაეროს გენერალურ ასამბლეას ირჩევს, მაშინ მათაც სრული უფლება აქვთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება მოითხოვონ, რათა აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა თავიანთი პოზიციის დაფიქსირება შეძლონ.
"გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე და 64-ე (2009 და 2010 წწ) სესიებზე მიღებულ იქნა საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციის პროექტი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ. ჰუმანიტარული პრობლემატიკის წინ წამოწევის საბაბით, ქართული მხარე, საერთაშორისო საზოგადოებას თავს ახვევს თავის უკიდურესად დამახინჯებულ მოსაზრებას დევნილთა პრობლემის ხედვის თვალსაზრისით ", _ ნათქვამია სეპარატისტების მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში.
სეპარატისტები აღშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციების პროექტებში დაფიქსირებულია აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული ყველა პირის დაბრუნებისა და საკუთრების უფლება.
სეპარატისტები აცხადებენ, რომ ამ რეზოლუციების პროექტებში "გათვალისწინებული არ არის ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამჟამად უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და არავითარი საერთო არა აქვთ რთული ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის სურვილთან".
"დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს მიერ ამ პრობლემის განუზომლად დიდი პოლიტიზება ამ მიმართულებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მუშაობას უაზროს ხდის. თუ საქართველო დევნილების მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას ისეთ საერთაშორისო ორგანოში მიიჩნევს უკეთესად, როგორიც არის გაეროს გენერალური ასამბლეა, მაშინ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოითხოვენ აღნიშნული რეზოლუციის განხილვისას ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მიღებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შესაძლებლობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს არ მიეცემათ, ჩვენთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ამ პრობლემის განხილვა აზრს დაკარგავს", _ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.