ხვალ, 8 ივნისს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საკითხს განიხილავს. "სესიაზე დეპუტატები განიხილავენ ამ საკითხს, მაგრამ მოხდება თუ არა ვადამდელი არჩევნების თარიღის შეთანხმება კონკრეტულად ამ სხდომაზე ჯერ ჯერობით უცნობია", _ აცხადებს სეპარატისტთა ე.წ. პარლამენტის სპიკერი ნუგზარ აშუბა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არსებობს წინასწარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნები 20 ან 21 აგვისტოსათვის დაინიშნება.
შეგახსნებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში 29 მაისს მოსკოვში 63 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ამის გამო, ამჟამად, სამი თვის განმავლობაში, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ალექსანდრე ანქვაბი ასრულებს.