ჟენევაში ჩასული ოს სეპარატისტთა დელეგაცია ახალგორელი დევნილების, როგორც ოსების ისე ქართველების საკითხზე გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ოს სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელის ბორის ჩოჩიევის თქმით, ასევე გაიმართა საინფორმაციო სესიები - ერთი ეხებოდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს, ხოლო მეორე ჰუმანიტარული ხასიათის იყო. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების მონაწილეობით მე-16 პლენარული სხდომა დღეს გაიმართება.
ოს სეპარატისტთა დელეგაციაში შედიან: ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი, ე.წ. მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი, ე.წ. ადამიანის უფლებების დამცველი დავიდ სანაკოევი და ჩოჩიევის მოადგილე მერაბ ჩიგოევი.