საპარალმენტო უმრავლესობის წევრის, დიასპორისა და კავკასიის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების ყოფნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება შანტაჟის ერთგვარი ფორმაა და სერიოზული ქმედების დაწყების წინაპირობა არ არის. ამის შესახებ წიკლაურმა ომალოდან მოსახლეობის მიერ ბავშვების გახიზვნის კომენტირებისას განაცხადა.
"ზოგადად ძალიან ძნელია პროგნოზირება იმ ადამიანების ქმედებებისა, რომლებიც კრემლს მართავენ. პირველ რიგში ვგულისხმობ პუტინს. მათ არაერთხელ გაუკვირვებიათ მთელი მსოფლიო, თავისი ირაციონალური გადაწყვეტილებით", - აღნიშნა წიკლაურმა.
დეპუტატის თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთების მთავარი ამოცანა ის არის, რომ მოსკოვს სურს, საქართველოს განვითარება შეაფერხოს, რადგან კარგად იციან, რომ თუ რუსეთის სამხრეთ რეგიონებთან შედარებით საქართველო უფრო სწრაფად განვითარდა, შეიძლება სხვადასხვა ხალხმა დაიწყოს იმაზე ფიქრი, რამდენად პერსპექტიულია მათთვის ასეთ რეტროგრადულ სახელმწიფოში ცხოვრება.
"ასეთ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის მცხოვრებ ხალხებს, შესაძლებელია, ევროპული მისწრაფებები გაუძლიერდეს და თუ ასე მოხდა, მაშინ პირველი ქვეყანა, ვისთანაც მათ სურვილი ექნებათ ეკონომიკური კულტურული და პოლიტიკური კავშირების დამყარებისა, საქართველო იქნება. სწორედ ეს არის რუსეთის შიში და ამის საწინააღმდეგოდ ისინი პრიმიტიულ, მოძველებულ ინსტრუმენტებს იყენებენ. როდესაც ნახეს, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება, ისინი ცდილობენ ადამიანების მოსყიდვას, რათა ჩვენს ტერიტორიაზე მუდმივი დაძაბულობა შექმნან და ქვეყანას არასტაბილური იმიჯი დაუმკვიდრდეს", - აღნიშავს უმრავლესობის წევრი.
წიკლაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ძნელი გასათვლელია რუსეთის ქმედებები, როდესაც სერიოზული ქმედებების დაყწებას გეგმავს კრემლი, მას წინ უსწრებს კიდევ უფრო სერიოზული საინფომაციო მზადება. ამის გათვალისწინებით კი, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოფიციალური მოსკოვის განცხადებები საინფორმაციო შანტაჟს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ომალოს მოსახლეობამ ბავშვების გახიზვნა დაიწყო. ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს ჩეჩნების საველე მეთაური დოკუ უმაროვი პანკისის ხეობაში იმალება, შესაძლოა მიზეზი გახდეს იმისა, რომ რუსეთმა ამ ხეობაში სპეცოპერაცია დაიწყოს.