ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარემ, დეპუტატმა გია თორთლაძემ ჰოლივუდური ფილმის "აგვისტოს 5 დღის" პრემიერაზე ოპოზიციის წარმომადგენლების დაუპატიჟებლობა გააპროტესტა. ამის შესახებ თორთლაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
"მინდა ბიუროს წევრებმა სწორად გამიგონ. საქართველოს ოკუპაცია გვაწუხებს ჩვენც, როგორც ნებისმიერ თქვენგანს. იმ დელეგაციაში, რომელიც ესწრებოდა ფილმის ჩვენებას, ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ ვიყავით მიწვეული და ეს შეიძლება აღიქმებოდეს შეურაცხყოფად, რადგან ოკუპაციის წინააღმდეგ არანაკლებ ვმუშაობთ, ვიდრე უმრავლესობის ზოგიერთი წევრი", - აღნიშნა თორთლაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის მოსაზრებას იზიარებს.
"თუ ეს არის პარტიული ღონისძიება, გასაგებია, მაგრამ როდესაც ეს არის სახელმწიფო ღონისძიება,პარლამენტის ყველა წევრი უნდა იყოს მიწვეული", - აღნიშნა მაჭავარიანმა.