სეპარატისტული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნების შედეგების მიხედვით ლიდერობს, მიიჩნევს, რომ აუცილებელია არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებისთვის დალოდება.
ბაღაფშის შტაბში აცხადებენ, რომ მათი კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა 50 %-ზე მეტი იქნება, თუმცა ისინი არ აპირებენ რაიმე სახის დამატებითი განცხადებების გაკეთებას, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისია შედეგებს არ გამოაცხადებს.
ამავდროულად, ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ობიექტურობის პირობებში აუცილებლად გაიმართება მეორე ტური. ოპოზიცია არჩევნებზე მრავალი დარღვევის შესახებ საუბრობს.
"მრავალ საარჩევნო უბანზე დამატებითი სიების მიხედვით ხმის მიმცემთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებიც შეყვანილნი იყვნენ ძირითად სიებში. ასეთ ვითარებაში ჩვენ არ გვესმის, რომელიც ციფრებით ხელმძღვანელობდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, როცა ყოველ სამ საათში ხმის მიმცემთა პროცესის შესახებ აკეთებდა განცხადებას", - განაცხადა ხაჯიმბამ.
მისივე თქმით, საკმაოდ დიდი რაოდენობის ბიულეტენებია გაფუჭებულიც.
როგორც ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, ხელისუფლებამ არჩევნების წინა დღეს მასობრივად გასცა ახალი აფხაზური პასპორტები და ამ პროცესს თვით არჩევნების დღესაც ახორციელებდა.
ხაჯიმბა დაჟინებით აცხადებს, რომ მისი და ოპოზიციის სხვა კანდიდატების მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობის გასარკვევად აუცილებელია მეორე ტურის ჩატარება.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 12 დეკემბერს გაიმართა. საარჩევნო უბნები მოსკოვის დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. აფხაზური ე. წ. კანონმდებლობის თანახმად, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარს დააგროვებს.
სეპარატისტების ე. წ. ცესკოს მიერ შედგენილ სიაში 131 000 ამომრჩეველი იყო. სულ აფხაზეთში 35 საარჩევნო ოლქი და 174 უბანი მომქდებდა. საარჩევნო უბნები ასევე გახსნილი იყო მოსკოვსა და ჩერკესკში. ე. წ. აფხაზური ცესკოს თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, არჩევნებს მხოლოდ რუსეთიდან 80 დამკვირვებელი ესწრებოდა. მისი თქმით, დამკვირვებლები ასევე იყვნენ დსთ-ის ქვეყნებიდან, ევროპასა და აშშ-დან.