სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული "საპრეზიდენტო არჩევნების" წინასწარ შედეგებს დღეს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე გამოაქვეყნებს.
ტაბაღუამ არჩევნები უკვე გამოაცხადა ჩატარებულად. მისი განცხადებით, მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა 58 %-მა მიიღო. სეპარატისტების კანონმდებლობის მიხედვით კი, არჩევნები ჩატარებულად მიიჩნევა თუ მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა 50 % +1 მიიღებს.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში დე ფატო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ლიდერობს. მეორე ადგილზეა ბესლან ბუთბა, მესამეზე კი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 12 დეკემბერს გაიმართა. საარჩევნო უბნები მოსკოვის დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. აფხაზური ე. წ. კანონმდებლობის თანახმად, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარს დააგროვებს.
სეპარატისტების ე. წ. ცესკოს მიერ შედგენილ სიაში 131 000 ამომრჩეველი იყო. სულ აფხაზეთში 35 საარჩევნო ოლქი და 174 უბანი მომქდებდა. საარჩევნო უბნები ასევე გახსნილი იყო მოსკოვსა და ჩერკესკში. ე. წ. აფხაზური ცესკოს თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, არჩევნებს მხოლოდ რუსეთიდან 80 დამკვირვებელი ესწრებოდა. მისი თქმით, დამკვირვებლები ასევე იყვნენ დსთ-ის ქვეყნებიდან, ევროპასა და აშშ-დან.