აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს მომავალ კვირას გამოაცხადებს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" სეპარატისული რეჟიმის სახალხო კრების ვიცე-სპიკერ ვიაჩესლავ ცუგბაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცუგბას განმარტებით, "აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, როცა პრეზიდენტს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება, პარლამენტი ვალდებულია, ახალი რიგგარეშე არჩევნების თარიღი 15 დღის ვადაში დაასახელოს".
მისივე თქმით, ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები არაუგვიანეს სამ თვეში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში 29 მაისს, მოსკოვის 83-ე საავადმყოფოში, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
ბაღაფში აფხაზმა სეპარატისტებმა ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე პირველად 2005 წელს, ხოლო "მეორე ვადით" 2009 წლის 12 დეკემბერს "აირჩიეს".