10-დან 20 ივნისამდე თბილისი დასავლური სანახაობის მასპინძელია. საქართველო ჰოლანდიური ანიმაციის ფესტივალს მასპინძლობს. ქართველ მაყურებელს საშუალება ეძლევა იხილოს სახელგანთქმული ჰოლანდიელი ხელოვანის - გერიტ ვან დაიკის ანიმაციური ფილმების და გრაფიკული ნამუშევრების დიდი არჩევანი და შთამაგონებელი მასტერ-კლასები ანიმაციაში.
ფესტივალის დეტალები 9 ივნისს, 11:00 საათზე კინოთეატრ "ამირანში" გახდება ცნობილი.
გასულ წელს ფესტივალმა იბერიამ ჰოლანდიის ქალაქი ლეიდენი ქართული ხმებით, ფერებითა და გემოვნებით გააფორმა. ამჯერად კი, პუბლიკის წინაშეა შთამბეჭდავი სურათებით და ისტორიებით სავსე, 10 დღიანი ჰოლანდიური თავგადასავალი.
ფონდი "არტექო" ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან, ნიდერლანდების ფილმების ეროვნულ ფონდთან, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსთან, კინოთეატრ "ამირანთან" და საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანმშრომლობით ღირშესანიშნავ მოვლენას წარმოგიდგენთ, წინა პლანზე წამოსწევს ანიმაციისა და გრაფიკის თანამედროვე ჰოლანდიური ხელოვნების-სახლს: ფესტივალი იბერია 2011: "გერიტ ვან დაიკი: რე-ანიმაცია დასავლურად".
კონცეპტუალური და მოდერნისტული ჰოლანდიური ანიმაციასა და გრაფიკას ათეული წლებია ევროპული საზოგადოება იცნობს ამჯერად, ქართულ საზოგადოებას ეძლევა შანსი აღმოაჩინოს ეს ახალი სამყარო, სადაც მას მეგზურობას გაუწევს ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი და კონცეპტუალური ჰოლანდიელი ხელოვანი გერიტ ვან დაიკი რომლის ოსტატობასაც შეგიძლიათ გაეცნოთ:
- გერიტ ვან დაიკის ანიმაციური ფილმების რესტოსპექტიულ ჩვენებაზე (10 ივნისი, 2011, კ/თ ამირანი, 19სთ 15 წთ, კოსტავას 36)
- გერიტ ვან დაიკის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენაზე "აქ იყო მიკი მაუსი" (10-20 ივნისი, კ/თ ამირანის საგამოფენო დარბაზი, კოსტავას 2), სადაც შედგება ასევე პრეზენტაცია პროექტისა "აქ იყო გერიტ ვან დაიკი"(10 ივნისი, 19სთ15 წთ)
- და ბოლოს, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება გერიტ ვან დაიკის ანიმაციური მასტერ-კლასის შედეგი - ჰოლანდიურ-ქართული ერთობლივი ანიმაციური ფილმი (20 ივნისი, კ/თ ამირანი, 19სთ ).
გერიტ ვან დაიკის შემოქმედება წარმოადგენს მე-20 და მე-19 საუკუნეების ხელოვნების სურათებს. მისი ნამუშევრები არის როგორც ორიგინალური, ასევე ხელმეორედ შექმნილი სახეები, გონების ირონიული და ოსტატური თამაშები, რომლებიც მნახველს აღმოჩენებისა და ინტერპრეტაციების საშუალებას აძლევს. ფესტივალის პროგრამა გულისხმობს ნაცნობი ნივთების როგორც დათვალიერებას, ასევე განსხვავებულ კონტექსტში გადათვალიერებას, გაგებას და აღმოჩენას,
თბილისში ფესტივალ იბერიას ორგანიზებითა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოდის ჰოლანდიელი ჟურნალისტების ჯგუფი - ნიდერლანდების სამეფოს წამყვანი ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ფესტივალის გარდა, სპეციალურ რეპორტაჟებს მოამზადებენ საქართველოს ღირსშესანიშნეობებზე, ტურისტულ პოტენციალზე, რაც საქართველოს შესახებ დასავლეთევროპელი საზოგადოებისათვის მომზადებული კიდევ ერთი რეკლამა იქნება.