თურქულ-ქართული კომპანია GEORGIAN TEXTILE ქსელს აფართოებს და აჭარის შემდეგ საწარმოს იმერეთშიც ხსნის. ქუთაისში ტექსტილის საწარმო დღეს გახსნა. ტექსტილის საწარმო პირველ ეტაპზე მხოლოდ ქალის ზედასამოსს კერავს. კომპანიას მაღალი ხარისხის ქსოვილებით თურქეთში მოქმედი ტრიკოტაჟის ქარხანა ამარაგებს.
თურქული ინვესტიცით ამოქმედებულ წარმოებაში 200-ამდე ადგილობრივი კადრი დასაქმდა. დიზაინისა და ტექსტილის საწარმო პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარიამ, ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ და კომპანია "GEORGIAN TEXTILE"-ის პრეზიდენტმა ნური სარმა გახსნა.
"ქუთაისი საკუთარ სტატუსსა და ძველ ნიშას იბრუნებს. უცხოური ინვესტიციების სიმრავლე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრისას გია თევდორაძემ და დასძინა, რომ "ბიზნესისა და ხელისუფლების კრეატიული თანამშრომლობა მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანია".
კომპანია "GEORGIAN TEXTILE"-ის საწარმოები ამ ეტაპზე მხოლოდ ბათუმსა და ქუთაისში ფუნქციონირებს. თურქული ბრენდი ქარხნების გახსნას საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც გეგმავს.